ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარუჯა-ლაითურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ანასეულის დასახლებიდან დაბა ნარუჯის გავლით, დაბა ლაითურის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის სიგრძე 7 280 მეტრია. ასევე იგეგმება ასფალტ-ბეტონით საფარის მოწყობა, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდიმილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია გაეცნო.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება და ადგილობრივებს გადაადგილება კომფორტული გზით შეეძლებათ. სამუშაოებს შპს „გზამშენი18“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.