როგორ აქციეს კონკურსგავლილი საჯარო მოხლეები შტატგარეშე მოსამსახურეებად
ბოლო დღეების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტებში დასაქმებული, კონკურსგავლილი საჯარო მოხელეების ხელშეკრულებებზე გადაყვანა მასობრივად დაიწყეს. ეს პროცესი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლებისა და მერების წარმომადგენლებს (ე.წ. სოფლის რწმუნებულებს), მრჩევლებსა და თანაშემწეებს შეეხო. ეს ადამიანები საშტატო ნუსხიდან ხვალიდან ამოვარდებიან და მათ შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდებათ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები droa.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მას შემდეგ მიიღეს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადა მოახლოვდა და, ამ კანონის 125-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების სამართლებრივი სტატუსი საჯარო მოსამსახურის სახეების შესაბამისად უნდა განესაზღვრათ.
როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაცია საჯარო სამსახურის ბიურომ ისე გასცა, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაუვლია. როგორც ჩანს, ამ უწყებას არც ის გახსენებია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10%-ს“. აღმოჩნდა, რომ, რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მუნიციპალიტეტები დილემის წინაშე დადგნენ, ვინაიდან, ამ ადამიანების ხელშეკრულებით აყვანით, კოდექსით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებენ. თუმცა, გამოსავალი აქაც მოინახა და საქართველოს პარლამენტმა სახელდახელოდ კენჭი უყარა ცვლილებების პროექტს, რომლითაც, 6 თვით – 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე ამ 10%-იანი ლიმიტის მოქმედება შეაჩერა. მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ.
უფლებადარღვეული საჯარო მოხელეები
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 125-ე მუხლზე დაყრდნობით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ბოლო დღეებში ახალი საშტატო ნუსხები დაამტკიცეს, რომლებშიც გამგებლებისა და მერების წარმომადგენლები, მრჩევლები და თანაშემწეები აღარ არიან. მათ შრომითი ხელშეკრულებები 1 ივლისიდან გაუფორმდებათ. არგუმენტად კი იმას ასახელებენ, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, ისევე, როგორც მრჩევლებს და თანაშემწეებს, გამგებელი/მერი საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა ნიშნავდეს, ვინაიდან, მას წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში ეხმარება.
„გამგებელი ირჩევა ხალხის მიერ პირდაპირი წესით, ე.ი. პოლიტიკური ფიგურაა, ანუ მას უნდა შეეძლოს, დააკომპლექტოს გუნდი თავისი შეხედულებისამებრ და, შესაბამისად, სოფლებში გაატაროს საკუთარი პოლიტიკა. გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში არ არიან არც გემგებლები, არც რწმუნებულები. მათ ევალებათ, არჩეული გამგებლის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ. ამიტომ სავსებით მართებულია, რომ წარმომადგენლები დაინიშნონ ხელშეკრულებით, მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებლის უფლებამოსილების ვადით“, – ასე ახსნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვამჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილმა მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ელიკო იმნაძე კი ამბობს, რომ გამგებლის წარმომადგენლებს, მათი ფუნქციების ანალიზის შესწავლით, პროფესიული საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობები ვერ მოარგეს და შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანაც ამიტომ გადაწყვიტეს.
საქმე ის არის, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მკაფიოდ არ განმარტავს, თუ ვინ შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. ჩანაწერი ძალიან ზოგადია: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად ჩაითვლება ის პირი, „რომელსაც, საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება“.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის წარმომადგენელი ადგილობრივი პრობლემატიკის შესწავლას და მუნიციპალიტეტის პირველ პირთან საკითხების მიტანას უზრუნველყოფს. ამიტომაც, რატომ ჩაითვალა, რომ გამგებლის წარმომადგენლები არამუდმივ ამოცანას ასრულებენ, ან რატომ არიან ისინი დამხმარე მოსამსახურეები, ერთობ გაუგებარია და, სამწუხაროდ, ამას არც არავინ განმარტავს.
თუ რეკომენდაციის გამცემთა არგუმენტი მართლაც ის არის, რომ წარმომადგენლები კონკრეტულ პოლიტიკური თანამდებობის პირს არიან მიბმული, ამ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ უფორმდებათ ამ ადამიანებს შრომითი ხელშეკრულება და არა – ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს უფლებამოსილების განხორციელებაში შეუწყობდა ხელს, როგორც ეს კანონში წერია.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, გამგებელი/მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. ის წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას. შესაბამისად, გამგებლები და მერები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს, ნიშნავენ. ამიტომაც, იმის თქმა, რომ ეს ადამიანები არამუდმივ და დამხმარე სამუშაოს ასრულებენ, ამ არგუმენტის მქონეთა მხრიდან კანონის არცოდნაზე მიუთითებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი კიდევ ისაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში წარმომადგენლები კონკურსის წესით არიან დანიშნული. დღეს მათი ხელშეკრულებით გადაყვანა, უპირველესად, მათი უფლების დარღვევაა, ვინაიდან ისინი აღარ იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელეები, მათ არ შეეხებათ რანგირებისა და მობილობის წესი, არ მიენიჭებათ კლასი და არ ჩაირიცხებიან საჯარო მოხელეთა რეზერვში. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით 1 წლიანი მუშაობის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, აქაც პროფესიული საჯარო მოხელე უპირატეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ამ ადამიანებს უფორმდებათ ვადიანი ხელშეკრულება და არავინ იცის, ვინ, როდის და რა მიზეზით შეუწყვეტს მას, მაშინ, როცა პროფესიული საჯარო მოხელეები უვადოდ ინიშნებიან.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტებმა ისე მიიღეს, რომ კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლებისთვის წინასწარ არავის უთქვამს, ხელშეკრულბით გადაგვყავხარ და პირობებს, ფაქტობრივად, გიუარესებთო.
რატომ გაუუარესეს ამ ადამიანებს პირობები, ამაზე პასუხი არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებაში აქვთ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსმა ელიკო იმნაძემ გვითხრა, რომ გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც შრომითი ხელშეკრულებით მუშაობა არ უნდა, სამსახურიდან წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა. „უკვე გვაქვს ფაქტი, რომ ერთმა დაწერა განცხადება და სხვა სამსახურში გადადის. შტატგარეშედ მუშაობა არ მოეწონა, თან სხვა სამსახურის უკეთესი ვარიანტი აქვს და უნდა წავიდეს“, – ამბობს იმნაძე. Droa.ge-ს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოხელეები სხვა მუნიციპალიტეტშიც არიან.
“თვითმმართველობის კოდექსში” შეტანილი ცვლილება – კანონდარღვევის კანონის ფარგლებში მოქცევის მორიგი მცდელობა
მას შემდეგ, რაც თვითმმართველობებში მოხელეების ხელშეკრულებებზე გადაყვანის პროცედურები წამოიწყეს, აღმოაჩინეს, რომ უმეტეს მათგანში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობის 10%-იან ლიმიტს აჭარბებდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს კანონის დარღვევა მოუწევდათ. თვითმმართველობებში ატეხილი განგაშის შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებაში იპოვა. პარლამენტმა კოდექსის 156-ე მუხლში შეიტანა ცვლილება და დაადგინა: „1. 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ ზღვრულ რაოდენობას მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის მეორე პრიმა პუნქტის გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მუნიციპალიტის მერიის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაშვებული ზღვრული რაოდენობის ჯამს“.
სწორედ ამ საკანონმდებლო ცლილებით აღმოფხვრა ხელისუფლებამ დილემა, რომლის წინაშეც კონკურსგავლილი მოხელეების სახელშეკრულებო სისტემაზე გადაყვანით მუნიციპალიტეტებში დადგა. რა იქნება 1 იანვრიდან და ამოქმედდება თუ არა კოდექსში არსებული ნორმა კვლავ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღემდეა, წინაწარ ამის თქმა შეუძლებელია. ხელისუფლებამ უკვე დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის „მასშტაბურ რეფორმას“ იწყებს. ამიტომაც, სულაც არ არის გამორიცხული, წინ კიდევ უფრო მეტი დილემური სიურპრიზი გველოდეს.