შოთა მურღულია: მე ქუთაისის მომავალი მაინტერესებს სანამ ცოცხალი ვარ

829

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ტელეკომპანია “რიონის” ეთერში, თოქ-შოუში “ობიექტური აზრი” მერობის პერიოდი შეაჯამა. მერი მერობის მომავალი კანდიდატის საკითხსაც შეეხო.

“ვინ იქნება მომავალი მერი, ამას გადაწყვეტს გუნდი. მე მინისტრის მოადგილე ვიყავი და ძალიანაც წარმატებული, მაგრამ ცხელ წერტილში გამომიშვეს და ქუთაისში პირველ რიგში, შევქმენი პოლიტიკური სტაბილურობა და მერე სხვა რამეები. მე რომელ პოზიციაზეც ვიქნები საჭირო, იმ პოზიციაზე ვემსახურები სახელმწიფოს. მე არასდროს არ დავდივარ არსად არ ვამბობ, აქ უნდა ვიყო და იქ უნდა ვიყო-თქო, ღმერთმა დამიფაროს. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ გულით და 24-საათიანი მუშაობით. რასაც გადაწყვეტს გუნდი, იქნება ისე. თუ ვინმე გადაიბარებს ქალაქის მმართველობას, ეს უკვე ადვილია, რადგან ბევრი რამ გაკეთდა. თუ შოთა მურღულია არა, ვისურვებდი ამ ქალაქს ჩემზე ძლიერი მენეჯერი ჰყავდეს. ვისურვებდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს. მე ამას ხშირად ვერ ვახერხებ, რადგან რომ იციან ქალაქიდან გავდივარ, მაშინ ხდება აურზაური. ქალაქში არ ვიყავი და მაშინ მოხდა ტრანსპორტის თემა და ფლამინგოს თემაც, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ უმოკლეს ვადაში მოგვარდა. მე არ ვარ რადიკალი. მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც ველაპარაკები, თუნდაც ის მლანძღავდეს, ადამიანურად უნდა მივუდგე და არა უმკაცრესი მეთოდებით. სიმკაცრეც საჭიროა, მაგრამ არ არის ის დრო, ვინმე დააშინო. მე არასდროს არ მიმიღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომ სანამ შოთა იქნება მერი, იქამდე გავაკეთო საქმე. არა, მე ისეთი დოკუმენტები შევქმენი, რომელიც მრავალ წელზეა გათვლილი და იმ დროს მე მერი აღარ ვიქნები, მაგრამ მე ქუთაისის მომავალი მაინტერესებს სანამ ცოცხალი ვარ,”- განაცხადა მურღულიამ.

წყარო: ტოპნიუსი