დედაენის ბაღის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის საკითხზე პროფესიული წრეებთან შეხვედრა გაიმართა

1375

თბილისის განვითარების ფონდის ინიციატივით, დედაენისა და 9 მარტის ბაღების,
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით,
პროფესიულ წრეებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი ინფორმაციის მიწოდება, დენდროლოგიური პროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და სამომავლო თანამშრომლობის
განვითარება იყო.

“ფონდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს
წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, პროექტირების ნაწილში
დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საკითხი და თანამშრომლობის ფორმა.
ასევე, მხატვრების და ძველი ნივთებით მოვაჭრეების საჭიროებებისა და აღრიცხვის
საკითხი.

პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული
მარშრუტის შექმნას, ძველი და ახლახან რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან
დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი
ხიდის და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი
მომხმარებლების მოთხოვნებთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების
რეაბილიტაციას, ასევე, დედაენისა და 9 მარტის ბაღების განახლებას და ადაპტაციას
და მათ შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბის მოწყობას; მხატვრების
გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით ვაჭრობის მოწესრიგებას”, – აცხადებენ მერიაში.

სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 9 679
520  ლარს შეადგენს.