თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
“სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირველ რიგში, მძიმე მდგომარეობა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოები მათი მოწესრიგების მიმართულებით დავიწყეთ. შემოვიდა ყველა კომპანია, რომელსაც მიწის ქვემოთ აქვს განთავსებული კომუნიკაციები. საუბარია “ჯივიპი-ზე”, “თელასსა” და “ყაზტრანსგაზზე”. ყველა კომპანიას ჰქონდა პრობლემები სამუშაოების წარმოების დროს, სწორედ ამიტომ ვერ დასრულდა ეს პროექტი ამ დრომდე.
6 აგვისტოსთვის დაიგება პირველი ფენა, მთლიანად მოასფალტდება კანდელაკის ქუჩა, ხოლო ბუდაპეშტზე ქვედა ფენები უკვე დასრულებულია, ახლა მოხდება ჭების ამოწევა და ქუჩა გამზადდება ზედა ფენების დასაგებად. გარდა ამისა, კომპანია “თელასმა” დაიწყო მუშაობა და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადმოკიდებული, მიწისქვემოთ ჩავა. დაიწყება საფეხმავლო ბილიკების, ტროტუარების მოწესრიგება და 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება პროექტის სრულად დასრულებას, თავისი ლედგანათებებით, ტროტუარების კეთილმოწყობით, აგვისტოს ბოლოს მოხდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 თებერვალს დაიწყო. სამუშაოების ღირებულება კი, რომელიც, დაახლოებით, 1,5 მილიონ ლარს შეადგენს, სავარაუდოდ, 3-4 თვეში უნდა დასრულებულიყო.