გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ამ დროისთვის კი ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი ერთმა პრეტენდენტმა გამოთქვა. ამხანაგობა ს.ს. “სამშენებლო ტრესტი” და ს.ს. “სპეცმონოლითი“სამშენებლო სამუშაოებს 1 081 388 ლარად შეასრულებს.
ორთაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა.
ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს Design-Build მეთოდით საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტი და მის საფუძველზე დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
60 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში 8 საკლასო ოთახი, 1 ლაბორატორია, სამასწავლებლო, დირექტორის ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სანიტარული კვანძის ბლოკები ( მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შშმ პირებისათვის), ფოიე (გარდერობით), დერეფანი და ბუფეტი განთავსდება. კვებისთვის განკუთვნილი ოთახი აღჭურვილი იქნება 2 სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით. ამასთან, სკოლას ექნება ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და საინჟინრო შენობა-ნაგებობები.
შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ, სამუშაოები ოთხ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, I ეტაპი – საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებას, II ეტაპი – ესკიზური პროექტის მომზადებას, III ეტაპი – დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, IV ეტაპი კი სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს.
სკოლის შენობის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს.