მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე, პანდუსის მიმდებარედ, სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე. პროექტი სამ თვეში დასრულდება.
“გასულ წელს აქ გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები ჩავატარეთ, რადგან ეს მონაკვეთი ავარიული იყო. წელს გადავწყვიტეთ, სრულად განვაახლოთ ეს კონკრეტული ადგილი. დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. საყრდენებისა და გარეგანათების შეცვლის შემდეგ ჩატარდება კლდის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი LED სანათები, გზის საფარი კი სრულად შეიცვლება. ამასთან, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდებოდა. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მუშაობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაოები“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამუშაოების დათვალიერებისას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის განახლებას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “კონსტრაქშენ სერვისი” აწარმოებს. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.