ბათუმის საკრებულოში 5 ცათამბრჯენის მშენებლობის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა

1300

ბათუმის საკრებულო დღეს  ”რივიერას” განაშენიანების გეგმას განიხილავს. საუბარია ძველი ბათუმის საპორტო ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე პოლიციის გამოძახება მოითხოვა. სულიკო თებიძის განმარტებით, სხდომის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

დარბაზში დაცვის პოლიციის თანამშრომელი შევიდა, რომელმაც საზოგადოება ”ბათომის” წევრი შოთა გუჯაბიძე ტრიბუნიდან გამოიყვანა. შოთა გუჯაბიძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. საზოგადოება “ბათომის“ დამფუძნებელი “რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

მოგვიანებით შოტა გუჯაბიძე ბათუმის მერთან მივიდა და ცდილობდა ლაშა კომახიძისგან მიეღო პასუხი, რატომ არ აძლევდნენ მას სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას.

ბათუმის “რივიერას“ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით დღესვე კომენტარი გააკეთა ბათუმის მერმაც. ლაშა კომახიძემ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქი დღეს დგას ეტაპზე, როდესაც მას შეუძლია გადადგას ძალიან დიდი ნაბიჯი განვითარებისაკენ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ისეთივე ისტორიული ნაწილია, როგორიც მისი ნებისმიერი კუთხე.

“რაც შეეხება ტერიტორიას. დიახ, ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი, ისევე როგორიც  ქალაქის  ისტორიული ნაწილია  მისი ნებისმიერი კუთხე, რადგან ბათუმი უკვე დიდი ხანია ამ საზღვრებში არის.  ჩვენ გვაქვს იმ ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მინდორი, რომელიც არის ერთის მხრივ სამხედრო ბუნკერი და დანარჩენი ნაწილი  ქცეული კატარღების სასაწყობედ. კერძო ტერიტორია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ხმარობს ქალაქი ვერანაირად და ტერიტორია, რომელიც არის ინვესტორის მფლობელობაში“-განაცახადა ბათუმის მერმა.

მისივე განმარტებით კომპანია ითხოვს მხოლოდ k2-ის უმნიშვნელო ზრდას. ამიტომ მცდარია ის მოსაზრება, თითქოს იქ რაიმე ისეთი პროექტი იგეგმება, რომელიც პარამეტრებიდან გადის.

“ფაქტობრივად გარდა ერთი შენობისა რომლისთვისაც მოითხოვება 5.0 კოეფიციენტი სხვა ყველა შემთხვევაში ის კოეფიციენტი, რომელიც დღეს-დღეობით იმ ტერიტორიას აქვს იმ საზღვრებში რა საზღვრებშიც არის და იმ სტატუსით რა სტატუსითაც არის აბსოლუტურად კმარა ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანუ აქ არ უნდა შეექმნას ვინმეს შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც ისეთის განხორციელება იგეგმება, რომელიც რაღაც პარამეტრებიდან და ჩარჩოებიდან გადის.“

მისივე განმარტებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ ტერიტორიას ისტორიული ზონის სტატუსი მიენიჭება არაფერი შეიცვლება.

“ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც კი არაფერი შეიცვლება, რადგან ამ ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც ეს ტერიტორიაზე გენერალური  გეგმის კოეფიციენტით და იგივე პარამეტრებით რჩება, იქ არ არის რაიმე სხვა განაშენიანება, გამიგეთ რაშია საქმე?“-განმარტა ბათუმის მერმა.

მერის განმარტებით, ისტორიულად გეოგრაფიკის კვლევა მოწმობს, რომ იქ არანაირი ძეგლის ნატამალიც კი არ არის შერჩენილი. ლაშა კომახიძის თქმით, ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი,  და მისი გამოყენება ქალაქის სასარგებლოდ აუცილებელია.

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ

„რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, დღეს ქალაქი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ეტაპზეა. ბათუმს შესაძლოა შეემატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, როგორც ტურისტული, ასევე ქალაქის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. მსხვილი, მძლავრი ტურისტულ-ეკონომიკური ცენტრის შექმნა მოუტანს ქალაქს ახალ სიცოცხლეს, გადაიყვანს მას განვითარების აბსოლუტურად ახალ, ძლიერ ეტაპზე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, დიახ, ეს ტერტორია არის ისტორიული ქალაქის საზღვრებში, მაგრამ ეს არის 6 ჰა მინდორი, რომელზეც ამჟამად მდებარეობს მილიტარისტური ბუნკერი და წელიწადის ძირითადი პერიოდის განმავლობაში არის ქცეული კატარღებისა და ნავების გასაჩერებელ ადგილად. ჩვენ ვსაუბრობთ 6 ჰა ტერიტორიის სწორ არქიტექტურულ და ეკონომიკურად ღირებულ გადაწყვეტილებაზე. მოვისმინე, რომ ციფრებს არ აქვს მნიშვნელობა. პირადად ჩემთვის, როგორც მერისთვის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, ნამდვილად არ არის უმნიშვნელო 1 000-მდე სამუშაო ადგილი, რომელსაც ეს პროექტი ჰპირდება ჩვენს ქალაქს, 2 000 სამუშაო ადგილი პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებული მუშახელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩემთვის, როგორც მერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ეს პროექტი პირდაპირი შემოსავლების გზით ყოველწლიურად 20 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მოუტანს ქალაქს. აქვე მინდა ვთქვა, რომ 6 ჰა ტერიტორიაზე 5 შენობა ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება სივრცეების ჩაკეტვა, პირიქით, შენობებს შორის ძალიან დიდი თავისუფალი სივრცე იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და დამიჯერეთ, არცერთ თქვენგანს ბოლო პერიოდში არ გიფიქრიათ, არ გიწვალიათ და არ გინერვიულიათ იმაზე მეტი, ვიდრე მე და ჩემმა გუნდმა, შემოვსულიყავით თუ არა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებით. აბსოლუტურად შემთხვევით წავაწყდი ძალიან კარგ კონცეპტუალურ თვალსაჩინოებას, რომელიც ახლოს დგას „რივიერას“ პროექტთან. ეს არის სტამბოლში არსებული ერთ-ერთი სავაჭრო და ტურისტული ობიექტი „ZORLU“, პანდუსებზე განთავსებული მაღლივი შენობებით, აპარტამენტებით, სასტუმროებით, სავაჭრო ცენტრებით, გამწვანებითა და გასართობი ინფრასტრუქტურით. ეს არის ობიექტი, რის გამოც ამ ქალაქს სტუმრობენ. „რივიერას“ პროექტი თავისი მასშტაბებით არაფრით ჩამორჩება ამ პროექტს და ჩვენ შევეცდებით რომ ის იყოს გაცილებით უკეთესი. ეს არის კონცეპტუალურად და არა არქიტექტურულად მსგავსი პროექტი. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ განსაკუთრებით პანდუსების პროექტირებაზე, დახრილობაზე, გამწვანებასა და დიდი სივრცეზე რომელიც მთლიანად იმეორებს ქალაქის ქუჩების მდებარეობას.ყველა ეტაპზე ვაფიქსირებდი, რომ, როგორც ქალაქის მერი, როგორც ბათუმელი, რომელსაც არავისზე ნაკლებად უყვარს ეს ქალაქი, რომელსაც არავისზე ნაკლები პასუხისმგებლობის არც აღებისა და არც ტარების უნარი აქვს მომავალი თაობებისადმი, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებით, ეს პროექტი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, თვალსაჩინო ობიექტი გახდება. მოვისმინე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება ამ პროექტის განხორციელება გეოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი წყალში არ ჩაყრის ამხელა თანხას. პროექტი არ კეთდება ერთ დღეში და ერთ წელიწადში და არავინ დააყენებს საკუთარ თავს დარტყმის წინაშე, ჩაყაროს ეს ინვესტიცია წყალში. როგორც ბათუმელის და როგორც ამ ქალაქის თავის პოზიციიდან, მსურს დაგიდასტუროთ, რომ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა ამ სეგმენტში საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ჰყავს თავისი მომხრეები და ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, ან არ უნდათ ამ პროექტის განხორციელება. 20 დღიან პერიოდში უნდა მოხდეს ამ პროექტის განხილვა საჯარო სივრცეში, არქიტექტორებთან, საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვადასხვა წრესთან, რა დროსაც ყველას აქვს თავისი პოზიციის გამოხატვისა და დაფიქსირების საშუალება.

Posted by ბათუმის მერია/Batumi City Hall on სამშაბათი, 16 ივლისი, 2019

შეგახსენებთ, რომ სხდომის მიმდინარეობისას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე პოლიციის გამოძახება მოითხოვა. სულიკო თებიძის განმარტებით, სხდომის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

დარბაზში დაცვის პოლიციის თანამშრომელი შევიდა, რომელმაც საზოგადოება ”ბათომის” წევრი შოთა გუჯაბიძე ტრიბუნიდან გამოიყვანა.

შოთა გუჯაბიძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი „რივიერაზე“ ცათამბჯენების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია.

მოგვიანებით შოტა გუჯაბიძე ბათუმის მერთან მივიდა, ცდილობდა ლაშა კომახიძესთან მიეღო პასუხი, რატომ არ აძლევდნენ მას სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას.