გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად მერიამ 132 682 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტი 40 ოჯახზე გათვლილი შიდა ქსელის გამანაწილებლის მოწყობას, ინდივინდუალური მრიცხველების დამონტაჟებას და წყლის სატუმბიდან რეზურვუარამდე მისასვლელი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეცვალოს ამორტიზებული მაგისტრალური ქსელი და მოაწყოს დასახლების შიდა გამანაწილებელი სისტემა. გარდა ამისა, უნდა ააშენოს რკინა-ბეტონის ჭა, ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურით. შემდეგ კი მოსახლეობას დაუმონტაჟოს ინდივინდუალური მრიცხველები.
ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დიდი ხანია ითხოვს. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს და ხელისუფლებას საკითხის დროულად მოგვარება მოსთხოვეს.