რომან კაკულია: უნდა ჩამოვაყალიბოთ „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“

893

საქართველოს პარლამენტი სივრცითი მოწყობის, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს. “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა იურიდიული ტექნიკის სრულყოფის თვალსაზრისით დასახვეწია, სამართლებრივი ინსტიტუტები გაფანტულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, ხშირ შემთხვევაში, ამ ინსტიტუტებს შორის დარღვეულია ლოგიკური კავშირი, რაც რეგულაციების სწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების შესაძლებლობას ზღუდავს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ ხარვეზებზე, რაც ძველ კანონმდებლობაში არსებობს და ახალ კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, მოქმედ კანონმდებლობაში გამოყენებულია მოძველებული ტერმინოლოგია, ხშირ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეული სახეებისათვის გათვალისწინებულია სრულიად არათანაზომიერი სახდელები. ითქვა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო მასალის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ერთმანეთისაგან ნათლად არ მიჯნავს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვას.

კომიტეტის წევრთა აზრით, მოსაწესრიგებელია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროაქტიული გამოქვეყნების საკითხიც, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და სამშენებლო საქმიანობების განხორციელების თაობაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

“უნდა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ მრავალი ადამიანის აზრი, რომ ჩამოვაყალიბოთ „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“, რომელიც სრულყოფილად და სწორად დაარეგულირებს ამ რთულ და მნიშვნელოვან დარგს”,- განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რომან კაკულიამ.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრინციპზე შეთანხმდნენ.