გორელი ფერმერებისთვის შექმნილი საიტის agrofarm.ge-ს პრეზენტაცია სოფლებში გაიმართება. საიტის საშუალებით საკუთარი წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ნებისმიერ ფერმერს შეუძლია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“საიტის პოპულარიზაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო სოფლის რწმუნებულებთან ერთად გეგმავს მოაწყოს გასვლითი შეხვედრები სოფლებში მომავალი კვირიდან, რათა ფერმერებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საიტის შესახებ, თუ როგორ უნდა განათავსონ საკუთარი პროდუქტი გასაყიდად. მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერებიც დაურიგდებათ. ამ დროისთვის, საიტზე მხოლოდ საცდელადაა დამატებული გარკვეული პროდუქტები”, – ამბობს საიტის შემქმნელი ოთო გვირიტიშვილი.
ვებგვერდი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ხმალაძის თქმით, საიტი ფერმერებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქციის რეალიზება არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ უცხო ქვეყნის ბაზარზეც მოახდინონ.
“საიტი ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ ენაზე ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს პერიოდში რუსული და ინგლისურ ენოვანიც იქნება. ჩვენი სააგენტო უწევს ადმინისტრირებას ვებგვერდს და ჩვენი თანამშრომელი დაეხმარება ნებისმიერ მსურველს განცხადების განთავსებაში. ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების მეშვეობით, მოხდება ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება მოსახლეობაში“, – განაცხადა ლაშა ხმალაძემ.