თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ექთნების გადამზადება დაიწყო

895

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ჯანმრთელობის კოორდინატორები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან. ექთნების გადამზადებას კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს.

“ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო პერმანენტულად აფინანსებს პერსონალის განვითარებისათვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, თუმცა ამჯერად ექთნების გადამზადება კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელობამ სოციალური პროექტის ფარგლებში დაგეგმა.

“საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსისგან“, რადგან კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალის მუშაობა ბაღებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტის, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშინ, როდესაც თითოეულ ექთანს უწევს 200-დან 800-მდე ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივად განახლებული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე და ასევე გაატარონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები “, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ექთნების მეორე ნაკადი გადამზადებას სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე გაივლის.