საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები განიხილა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
სოფელ ფცასა და სოფელ ქვემო შაქშაქეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრი ადგილზე გაეცნო პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. მოსახლეობამ ძირითადად სარწყავი წყლის პრობლემაზე, სოფლის შიდა და სავარგულებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების, ასევე სოფლებში მოედნის მოწყობის საჭიროებებზე ისაუბრეს.
მინისტრმა სოფელ შაქშაქეთში მშენებარე სპორტული მოედანიც დაათვალიერა.
რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები პრემიერმინისტრის დავალებით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრას, ასევე 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
“ზოგადად, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით მოსახლეობასთან. როდესაც 2019 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით, მათ შორის, სოფლის პროგრამით ამ სოფელში გარე განათება გაკეთდა. დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი საშუალება, რომ მოსახლეობისთვის გვეკითხა, რა პრიორიტეტები აქვთ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში, არამედ ზოგადად. მთელი მთავრობა, თვითმმართველობა ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას, დიალოგს ჩვენს მოსახლეობასთან, რათა ვკითხოთ, რა პრიორიტეტები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით და 2020 წლის ბიუჯეტის შედგენისას გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც მოსახლეობისთვის არის გადამწყვეტი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.