ახალციხის სოფელ სვირში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 119 611 ლარი დაიხარჯა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ახლადგაკეთებული წყლის სისტემა გაუმართავია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სვირში რომ ახვალთ, სოფლის შიდა გზებზე დაინახავთ, რომ წყალი მიწიდან ამოდის და მიედინება. ასევე, წყლის შემკრები ჭებიდან წყალი ჟონავს და მის გარშემო გუბდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წყალი მათ ეზოებში, ბოსლებსა და სახლებშიც კი აღწევს.
ნელი დალალიშვილი ადგილობრივია. იგი ახლადგაკეთებული წყლის სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს: “აგერ გზებზე წყალი ამოდის, ოღონდ – საიდან, კაცმა არ ვიცით. ეს ჭებიც წყალში დგას. ჩემს ბოსელში შემომივარდა იმხელა ნიაღვარი… სახლში კი წყალი ცოტა და ბინძური მოდის, აქ კი ამხელა წყალი მოედინება.“
სოფლის სხვა მაცხოვრებელებიც იგივეს ამბობენ. “ძალიან ცოტა წყალი მოდის. გააკეთეს და არ მოდის და სხვა რა გითხრათ. რაც გამოდის, ისიც გამოუსადეგარია – შავი, ბინძური წყალი მოდის. რამდენიმე წლის წინ, ვიღაც კომპანიამ გააკეთა და მაშინ მოდიოდა. ახლა ვინც გააკეთა, კი მოდის, მაგრამ ძალინ ცოტა. აქვე წყაროა და იქიდან ან სხვა სოფლიდან ვეზიდებით წყალს,“ – გვითხრეს სოფელში.
ერთ– ერთ ადგილობრივს კი წყალი ჯერ ეზოში, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შეუვარდა. მან ვრცლად საუბარი არ ისურვა, თუმცა დაიჩივლა, რომ წყალმა ახალგარემონტებული პირველი სართული დაუზიანა.
“დაბლა, პირველ სართულზე სულ სველია, მითხრეს, რომ გააკეთებენ წყალს. ჩემი ეზოს ზევიდან ჩამოედინებოდა წყალი და ისე შემოვიდა ჩემთანაც. იმედი მაქვს, გააკეთებენ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი.
სოფელ სვირში, სასმელი წყლის სისტემა, ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს “სამცხე XXI” გააკეთა. 2018 წლის 23 აგვისტოს, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და მაგისტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფაზე, კომპანიამ 119 611 ლარად მოიგო. სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ერთი თვის წინ დაასრულა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას ევალებოდა, სოფელ სვირში უკვე არსებული წყლის რეზერვუარის გადატანა, ასევე წყლის ახალი გამანაწილებლისათვის შენობის მოწყობა; წყლის მაგისტრალურ მილზე (ე.წ. სოფ. ბოგის ხაზი) არსებული მიერთებების ჩაჭრა და ახალი მაგისტრალისა და ასევე, წყლის არსებულ მაგისტრალზე ვანტუზებისა და ლითონის ლუქების მოწყობა.
კომპანიის დირექტორი გურამ ფარცახაშვილი ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებული სისტემა ბოლომდე გამართულია და ის წყლები, რომლებიც გზებზე მიედინება, მოსახლეობის კუთვნილებაში არსებული ძველი მილებიდან ამოდის.
“წყლის სისტემას არანაირი პრობლემა არ აქვს. ეგონათ რომ შიგნით რამე გასკდა, შევამოწმე ყველაფერი. თვითონ მოსახლეობას წყალი ძველი მილებითა და შლანგებით აქვს შეყვანილი და ის შლანგებია დაძველებული. ამიტომ გამოდის წყალი და ვიღაცის ბინაში შედის მერე,“ – ამბობს ფარცახაშვილი.
მისივე თქმით, ტყუილია ის ფაქტიც, რომ წყალი დაბინძურებული მოდის. “არანაირი ბინძური წყალი არაა. მანდ წყლის ორი მაგისტრალია და ახლა მესამე მე გავაკეთე. თუ საჭირო იქნება, 40 ოჯახი შეძლებს მის გამოყენებას“.
ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ მილი საიდანაც წყალი გამოდიოდა ძველი იყო და ადგილობრივს ეკუთვნოდა.
“მოსახლემ მილი თვითონვე შეაკეთა და წყალი აღარ მოდის“, – ამბობენ მერიაში. თუმცა ადგილობრივები კვლავ აცხადებენ, რომ სოფლის გზებზე წყალი ისევ ამოდის.
კომპანია შპს ‘სამცხე XXI–ის” შესახებ სამხრეთის კარიბჭეს არაერთი მასალა გამოუქვეყნებია. 2014 წელს გამოძიება სამშენებლო კომპანია შპს “სამცხე XXI-ს” ხელმძღვანელს გურამ ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავებოდა.