სამგორში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

1275

სამგორის რაიონში ამჯერად, ორი ახალი სპორტული მოედანი ალექსეევკისა და ლილოს დასახლებებში გაიხსნა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ლილოს დასახლების პირველ მიკრორაიონში, N2ბ კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 460 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

“პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარეგანათების სისტემა. ასევე, შშმ პირთათვის ადაპტირდა მოედანი და გაკეთდა სპეციალური პანდუსი. სპორტული მოედნის მოსაწყობად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 98 000 ლარი გამოიყო”, – განმარტეს გამგეობაში.

ამასთან, მათივე ცნობით, ახალი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა ალექსეევკის დასახლებაშიც, N1 და N2 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ.

“თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მოწყობილი 480 კვ.მ ფართობის მოედანი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა საფეხბურთო კარი და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარეგანათების სისტემა. პროექტის ღირებულება 83 995 ლარია”, – ამბობენ გამგეობაში.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანია “პე-ბე-მ“ შეასრულა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, 26 ფიტნეს ზონა და შვიდი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, ამჟამად კი ხუთი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.