კომპანია, რომელიც 4 წლის წინ გორის გამგეობასთან სკანდალში გაეხვა, წელს ტენდერების ლიდერია

1446

კომპანიამ, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ სამუშაოები ტენდერის გამოცხადებამდე შეასრულა, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წელს ლიდერობით გამოირჩევა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

შპს “ალონისს” 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გორის მერიის მიერ გამოცხადებული 14 ტენდერი აქვს მოგებული. მათი საერთო ღირებულებამ კი 431 401 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 6 თვეში “ალონისს” ჩამორჩება ისეთი კომპანიები, რომლებიც გასულ წლებში გორის მერიის ტენდერებში გამარჯვებულთა სიაში აქტიურად ფიგურირებდნენ. მათ შორის, შპს “იბოლია და საგზაო სამმართველო #1″ რომლებსაც წელს გორის მერიის 5 – 5 ტენდერი აქვთ მოგებული. 5 ტენდერში მოიპოვა წელს გამარჯვება შპს “მოურავმაც“.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ყველა კომპანიას “ალონისი” უსწრებს. მასთან გორის მერიას 5 000 ლარზე მეტი ღირებულების ერთ-ერთი ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით აქვს გაფორმებული.

ეს ის კომპანიაა, რომელმაც 2015 წელს ქარის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სახლებზე სახურავები ტენდერამდე გამოცვალა, რისთვისაც 290 000 ლარი დახარჯა, ორ თვეში კი აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ვერ გაიმარჯვა. ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი იმ სახლებზე, სადაც სამუშაოები უნდა შეესრულებინა, სახურავები უკვე გადახურული დახვდა.