სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ნიქოზის საავტომობილო გზა გადაკეტეს

1403

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ნიქოზის საავტომობილო გზა გადაკეტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზების მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, მიმდინარე თვეში, ზედიზედ რამდენჯერმე მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან და ადგილობრივები ბაღებთან მისვლას ვერ ახერხებენ.

ახალდაბაში იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის ვიცემერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე, საკრებულოს წევრი აღნიშნული თემიდან.

“რაც შეეხება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, უკვე ცხადდება ტენდერი და სამუშაოების შესრულება უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია სასმელი წყლის მილების გაამოცვლა, რაც შესაძლებელს გახდის პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მიხეილ გოგებაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ვიცემერის ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, უამინდობამ გორის არაერთ სოფელს შეუქმნა გარკვეული პრობლემები.

“ამ წუთებში ადგილზე ხდება ვითარების შესწავლა და არსებული მდგომარეობის რეალურად შეფასების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ სამუშაოებსა და შექმნილი პრობლემის მოგვარებაზე“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა.

ნახევარსათიანი პარალიზების შემდეგ, საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.