დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, გორში უფასო ჭრა-კერვის კურსები იწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სასწავლო კურსი სამკერვალო “ლიდერის” ბაზაზე გაკეთდება. სამკერვალოს ხელმძღვანელის, ნინო გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე, 60 ბენეფიციარი გადამზადდება. ბენეფიციარებს კურსის დასრულების შემდეგ კი, საშუალება ექნებათ მოიძინონ დამსაქმებლი ან თავად შექმნან მცირე საწარმო.
“სწავლება მიმდინარებს სამი თვე, კვირაში ორი დღე დაეთმობა ჭრა-კერვის შესწავლას. პროექტი დაიწყო მარტში და პირველი ჯგუფის გადამზადება სრულდება ივნისის ბოლოს და უკვე ვიწყებთ მეორე ჯგუფის გადამზადებას. რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ მე, ან თავისი უბნის რწმუნებულს მერის წარმომადგენელს ადმინასტრაციულ ერთეულში. ბენეფიციარებს დავეხმარებით, როგორც დამსაქმებლის მოძიებაში, ასევე, საკუთარი საქმის დაწყებაში“, – განაცხადა ნინო გიორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ჭრა-კერვის შესწავლის გარდა, ბენეფიციარებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც დაეხმარებიან.
“პროექტის დასრულების შემდეგ, მათ ექნებათ გამზადებული ბიზნესიდეა და ვასწავლით მათ ფონდების მოძიებას და კურსის დასრულების შემდეგ შეეძლებათ საქმიანობა გააგრძელონ ამ მიმართულებით, ჯამში, გადაემზადება 60 ბენეფიციარი. შესაძლოა, რაოდენობის გაზრდაც”, – აღნიშნა გიორგაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გასულ წელს 25 დევნილი გადაამზადა. გადამზადების კურსი პროექტის “სოციალურად დაუვცველებისა და იძულებით გადაადგილებული პირების გადამზადება დასაქმების მიზნით“ ფარგლებში ტარდება.