დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალბულ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია “არქიმედჰაუსი“ გადასცემს.
“პირველ ეტაპზე ბინები იმ ადამიანებს გადაეცათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მთავარია, რომ მსგავსი პრობლემის მქონე არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე. მიდგომა ძალიან მარტივი გვაქვს – სხვადასხვა რაიონში გამოყოფილი გვაქვს მიწები, სადაც ვაცხადებთ ტენდერს. გამარჯვებული ხდება ის კომპანია, ვინც უფრო მეტი ბინის ფართს შემოგვთავაზებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
3 000-მდე ოჯახი, სახელმწიფოს აღიარებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია.