ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები შემდეგი მიმართულებებით დაემატა: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.