თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია “ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს.
“ისნის რაიონში დავითაიას ქუჩაზე ახალი გზის მოწყობა მიმდინარეობს. აქ მანამდე ძალიან პატარა, ვიწრო გრუნტის გზა იყო, რომლით სარგებლობაც ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ, დავითაიას ქუჩა პირდაპირ მეტრომშენისა და მერვე ლეგიონის დასახლებებს დაუკავშირდება და ამ კვანძით კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე გადასვლა მარტივად გახდება შესაძლებელი. საკმაოდ საინტერესო პროექტია. გზის სიგრძე ერთ კილომეტრს აჭარბებს, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.