აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს.
ამასთან, 27 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები შესრულდება. ასევე, წელს ჩარტერული ფრენები დაგეგმილია ვილნიუსიდან და ვარშავიდან.
აღნიშნული ქალაქების გარდა აჭარის პოპულარიზაცია გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. გარდა გარე რეკლამისა, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები წელს ერთდროულად BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს ეთერში ტრიალებდა, რის შედეგადაც რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს მილიონობით პოტენციური ტურისტი გაეცნო.
ასევე, წელს პირველად აჭარის სატელევიზიო რეკლამის ჩაშვება National Geographic-სა და Travel Channel-ის სატელევიზიო ეთერშიც იგეგმება.
ამასთან, აჭარაში გრძელდება ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მიწვევა როგორც ევროპული, ასევე, ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან. ჯამში წელს 24 ინფო-მედიატურს გაეწია ორგანიზება, რომლის შედეგადაც აჭარის შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და გადაცემები რეიტინგულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება.