პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. ფარული კენჭისყრით თალაკვაძეს ხმა 94 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი არავინ წასულა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ნაციონალური მოძრაობის“ და “ევროპული საქართველოს“ წევრებს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
იმავე ღამით რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო აქციის 305 მონაწილე დააკავეს. აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცავს კი უფლებამოსილება შეუჩერეს. განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.