კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

843

კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. იგოეთში, სადგურ-მეტეხსა და გრაკალში, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება. სამივე საბავშვო ბაღი საერთო ჯამში კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარი დაუჯდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“იგოეთში საბავშვო ბაღი რამდენიმე ათეული წელია არ ფუნქციონირებს, ამიტომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვები სოფელ სამთავისში დადიან. ტრანსპორტირების თანხა ჩვენ გამოყოფილი არ გვაქვს, რადგან ახლო სოფელია და მშობლებს ბავშვები ფეხით დაჰყავთ. სადგური მეტეხიდან ბავშვები კასპის საბავშვო ბაღში დადიან, ტრანსპორტირების თანხა ადგილობრიოვი ბიუჯეტიდან არის გამოყოილი. რაც შეეხება გრაკალს, ამ სოფელში საბავშვო ბაღისთვის ფართი ნაქირავები გვაქვს”, – განაცხადა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

ხოლო, როგორც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მანანა ღვთისიაშვილმა თქვა, სოფელ გრაკალში სულ 13 აღსაზრდელია, რომლებიც უკვე 3 წელია ნაქირავებ ფართში იღებენ სკოლამდელ განათლებას. ასევე, სამი წელია მეტეხი-სადგურიდან 25 ბავშვი კასპის პირველ საბავშვო ბაღში დაჰყვათ. რაც შეეხება იგოეთს, აღნიშნული სოფლიდან სკოლამდელი განათლების მისაღებად 40-მდე ბავშვი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღში დადის.