20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის 300 000 ხელმოწერა წარადგინა. ოპოზიციას სურს, რომ საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეიცვალოს. ოპოზიციური პარტიები ხელმოწერებს პარლამენტში 15 ივნისამდე შეიტანენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ოპოზიციის მიერ ხელმოწერების შეგროვების საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას პროპორციული სისტემის ამოქმედება ორჯერ – 2016-2017 წლებში შესთავაზა, თუმცა მათ უარი თქვეს.
“ახლა პროცესის დაწყება აზრს მოკლებულია. მათ თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, რაც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მათ დისკუსია თვითონ დახურეს და ახალი დისკუსიის გახსნის მცდელობა საფუძველს მოკლებულია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
15 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს. ოპოზიციას მაჟორიტარული წესის გაუქმება 2020 წლიდან უნდა. მათ არანაკლებ 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა 4 თვის ვადაში უნდა შეეგროვებინათ.