ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავ N55 მარშრუტზე ახალი, მწვანე “მანის“ მარკის ავტობუსები გავიდნენ. N55 მარშრუტი, N71-თან და N50-თან ერთად, მესამე მარშრუტი იქნება, რომელიც კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის, ქუჩას გაივლის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები 18, 32 და 47 ნომრებთან განისაზღვრა, ხოლო თავისუფლების მოედანზე “საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ.
“აქამდე კოტე აფხაზის ქუჩას ავტობუსები არ ემსახურებოდნენ. გარეუბნებიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი სამივე მარშრუტის კოტე აფხაზის ქუჩაზე გატარება ძველი თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბნის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პირველი მწვანე ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 მაისიდან N85 და N95 მარშრუტებზე გავიდნენ. თბილისის მერიამ სულ 90 მწვანე “მანის“ მარკის ავტობუსი შეიძინა. მათგან 50 უკვე თბილისშია, დარჩენილ 40 ავტობუსს კი მიმდინარე წლის აგვისტოში შემოიყვანენ.