ტაქსების შესახებ რეფორმა რომ ჩაშლის პირას არის და შეიძლება არ განხორციელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ავტომობილს რომ არავინ არ გადაღებავს, მე მგონი, ყველამ კარგად გავიგეთ. არანორმალურია, რომ ტაქსის მძღოლები ადგნენ და ავტომობილები გადაღებონ იმის გამო, რომ კახა კალაძეს ასე უნდა. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ამას არ გააკეთებს. ხოლო ამ ადამიანების დევნა თუ დაიწყეს კალაძემ და ხელისუფლებამ, ეს მათივე პრობლემა იქნება. გაჭირვებული ადამიანი გარეთ გამოდის სამუშაოდ და რადგან მანქანა თურმე თეთრი არ არის და ლუჯია, ამიტომ აუკრძალო სახლში ლუკმა-პური მიიტანო, ეს არ იქნება ნორმალური. ეს ემსახურება იმას, რომ მეტი თანხა ამოიღონ გაჭირვებული ადამიანებისგან, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. ეს პროექტი რომ ჩაშლის პირას არის და შეიძლება არ განხორციელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ტაქსის მძღოლების მიერ დაანონსებულ საინიციატივო ჯგუფში, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ფორმატი არ სჭირდება თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა თუკი მისი ყოფნა საჭირო გახდება, ყველანაირ აქტივობაში ჩაერთვება.
“ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას და საკრებულოშიც არ ვაკლებ კრიტიკას. ყველა სამუშაო ჯგუფში, რა თქმა უნდა, თუკი რამე იქნება ისეთი, სადაც ჩვენი ყოფნაა საჭირო, ამ ფორმატშიც ჩავერთვებით. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ მაინც და მაინც ფორმატებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა .
შეგახსენებთ, რომ თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა გუშინ, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა.
“1-ელ ივნისამდე გაძლევთ ვადას, რათა გვაცნობოთ, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე“, – მიმართა ტაქსის მძღოლმა კალაძეს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით კი, “ის პრობლემები, რაც აწუხებდათ ტაქსის მძღოლებს, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და ტაქსების შესახებ რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება“.
ამასთან, ცნობილია, რა შეღავათები დააწესა თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის.