თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ. მისივე თქმით, ამ დრომდე რეფორმაში ტაქსების მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მათ ლიცენზიის აღების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეცვალეს. ამიერიდან კი მსგავსი კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ ღებვის, თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით ისარგებლონ.
“სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ტაქსების რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და მინდა გითხრათ, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ლიცენზია, მათ შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები და ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ ანუ, ჰქონდათ აღებული ლიცენზია, შემდეგ ავტომობილის ცვლილება განახორციელეს და ისინი ვეღარ იღებდნენ ნებართვას იმისა, რომ შეეღებათ, ან ფირი გადაეკრათ, ან ქიმწმენდის ვაუჩერით ესარგებლათ.
ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშნველოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ტაქსის მძღოლებს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სმს-ს კომუნიკაცია, დაბეჭდილია ფლაერები, რომლებიც მომდევნო დღების განმავლობაში დაურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, რომ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია.
პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, ვაუჩერული პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არაუმეტეს 15 წლის ავტომობილებს ფლობენ.
“მნიშვნელოვანი შეღავათი დავუშვით 11 ოქტომბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვების მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ. ახლა, თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის სატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ასევე შეძლებენ ვაუჩერების მიღებას. ანუ, მათ თუ ჰყავთ 15 წელზე უფრო ახალი ავტომობილები ექნებათ საშუალება მიმართონ ამ კომპანიას და ექნებათ შესაძლებლობა როგორც შეღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერი მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები, რომლებიც განვახორციელეთ. ის ადამიანები, ვინც რჩებოდა უკმაყოფილო, შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებებით და ამ რეგულაციების გამარტივებით, ფაქტობრივად 90 %-ს ვაძლევთ შესაძლებლობას, ბევრია მსურველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.