თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიზნესჯგუფებს, რომლებიც მიწისქვეშა პარკინგებს მოაწყობენ, მერია ტერიტორიებს უსასყიდლოდ გადასცემს. მისი თქმით, მერიის მიერ გამოცხადებულ არც ერთ მისამართზე, რომელზეც პარკინგების მოწყობა იგეგმებოდა ინვესტორებმა დაინტერესება არ გამოხატეს,
“პარკირება მთელი ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა კონკრეტულ ადგილები, სადაც კვლევით შესაძლებელი იყო მიწისქვეშა პარკირების მოწყობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ადგილები გადაგვეცა ინვესტორისთვის, ვისაც სურვილი ჰქონდა იქ განეხორციელებინა პროექტი, თუმცა, ჩვენ ვერ მივიღეთ შედეგი, არ გამოჩნდნენ ასეთი კომპანიები, ვისაც სურვილი ჰქონდა ამის გაკეთების. თუმცა, თქვენ გახსოვთ, როდესაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებით მიწა გადაეცა თანაინვესტირების ფონდს, ამას რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. იქ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენ დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ იქნება კონკრეტული ბიზნესჯგუფი თუ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი ამ კონკრეტულ ადგილებზე განახორციელოს მიწისქვეშა პარკინგები, ჩვენ ამ ტერიტორიებს ყოველგვარი გადასახადების გარეშე გადავცემთ“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ორბელიანის მოედანზე ევროსტანდარტების შესაბამისი მიწისქვეშა პარკინგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
“პირველი პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, ორბელიანის მოედანზეა. დაახლოებით, 130 ავტომობილზე გათვლილი პირველი მიწისქვეშა პარკინგი რამდენიმე დღეში დასრულდება., რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის გაკეთებული, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებში კეთდება. ყველანაირი უსაფრთხოება, შშმ პირთათვის სპეციალური ლიფტები, სახანძრო სისტემა არის ისე გაკეთებული, როგორც სტანდარტები მოითხოვს“, – განაცხადა კალაძემ.