ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში – 6, ხულოში – 16, ზუგდიდში – 44, ოზურგეთში – 1, ხოლო თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კი – 1 საჩივარი.
საჩივრები დაწერეს როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით განიხილება და მათზე შესაბამისი კანონისმიერი რეაგირება მოხდება.
გარდა ამისა, ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დღის განმავლობაში შევიდა 209 ზარი, ონლაინ-ჩატის საშუალებით 56 ტექსტური შეტყობინება. მათი უმეტესობა შეეხებოდა ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას, დამკვირვებლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ საკანონმდებლო ინფორმაციის მიწოდებას.