რიკოთის ორ მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

1735

რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტი, საინჟინრო თვალსაზრისით, ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.

“ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და დამეტებით მუშა-ხელის დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. რაც შეეხება პროექტს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მლნ ლარამდეა.

პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. ამასთან,ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები და შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

რაც შეეხება უბისა-შორაპანის მონაკვეთს, აქ ცემენტ-ბეტონის 4-ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოების დასაწყებად ტენდერი მიმდინარე წელს გამოცხადდება.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულებას უწყება 2022 წლისთვის გეგმავს.

“ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი”, – ამბობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.