თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში უფასო საპარკინგე ადგილებს დამატებით 14 მისამართზე, 34 ადგილზე მოაწყობს.
კალაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურთან ერთად იმუშავა და დამატებით 14 მისამართზე, 34 ადგილზე, საპარკინგე ადგილების გეგმა წარადგინა. მისივე განცხადებით, A კატეგორიის ტაქსებისთვის საერთო ჯამში 437 უფასო ადგილია გამოყოფილი.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, სიახლეები მომდევნო თვეების განმავლობაშიც შემოვა.
“ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საინიციატივო ჯგუფთან. ამ რეგულაციებით ეს რეფორმა არ სრულდება, ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს ნასაუბრები. რა თქმა უნდა, სიახლეები შემოვა მომდევნო თვეების განმავლობაში და სრულ ინფორმაციას მივაწვდით როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე მოსახლეობას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტრანსპორტი და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც საკმაოდ დიდი და მასშტაბურია, ტაქსების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა კალაძემ.
ასევე, ცნობილია, რა შეღავათები დააწესა თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის. ხოლო, როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ტაქსების პარკირების ადგილას სხვა მანქანის გაჩერებაზე ჯარიმა, შესაძლოა, 50 ლარი გახდეს.