კაფე “სავანემ ” ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

965

კაფე “სავანემ ” რომელიც ქუთაისის მერიამ  კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2 000 ლარით დააჯარიმა, სასამართლო პროცესი მოიგო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მალხაზ ჩუბინიძემ,  კაფის მეპატრონეების დაჯარიმებას მერიის მიერ მათ მიმართ შურისძიება უწოდა და განაცხადა, რომ მერიამ ჯარიმა არამართლზომიერად გამოწერა.

“მერიის მხრიდან ეს გავდა შურისძიებას, რადგან ეს უფრო იყო გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევა და არა საზოგადოებისთვის ბარიერის შექმნა. მით უფრო, რომ არც ერთ მოქალაქეს მერიაში ამის შესახებ საჩივარი არ შეუტანია”, – განაცხადა მალხაზ ჩუბინიძემ.

კაფე “სავანეს” ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ მერიას  მათი დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან  “სავანე” მასთან სამართლებრივ დავაში იმყოფება. ამ მიზნით მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს  არა გარევაჭრობის შესახებ კანონის დარღვევის მუხლით, რომელიც 30-დან 50 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, არამედ, საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის გამო, რაც 2 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

სხდომას არ დაესწრო ქუთაისის მერიის წარმომადგენელი.

კაფე “სავანე” და ქუთაისის მერია 2002 წლიდან სასამართლო დავაში არიან. კაფის მეპატრონეები აცხადებენ, რომ მერია მათ იმ მიწის ნაკვეთს ედავება, რომელიც 1995 წელს შეისყიდეს. ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი “სავანესი” ვერასდროს იქნებოდა, რადგან ის სკვერის ნაწილია.