ლევან იოსელიანმა ყოფილი სპორტკომპლექსის შენობაზე საპროტესტო შინაარსის ბანერი – “მერია, ეს შენობა შენია“ გააკრა

1057

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა ალექსანდრე ელისაშვილთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, სოლოლაკში (ლ.ასათიანის N50) მდებარე, მიტოვებული და სტიქიურ ნაგავსაყრელად ქცეული, ყოფილი სპორტკომპლექსის შენობაზე საპროტესტო შინაარსის ბანერი მოწოდებით: “მერია, ეს შენობა შენია”, “დაგვიბრუნე სპორტდარბაზი” გააკრა.

ლევან იოსელიანის თქმით, ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე სპორტდარბაზი სოლოლაკელებს არ დაუბრუნდება.

“დღეს უკვე მეორედ გავაპროტესტეთ ის უნიათობა და უპასუხისმგებლობა, რაც ამ სპორტდარბაზის ირგვლივ ხდება. სოლოლაკში არსებული ერთადერთი სპორტული კომპლექსი, 25 წელია სავსეა ნანგრევებით,ნაგავითა და შპრიცებით. მერიას აქვს ასეთი არჩევანი-დატოვოს ეს შენობა ნარკომანიის ბუდედ, ან აქციოს კვლავ ჯანსაღი თაობის აღზრდის ცენტრად, სადაც ახალგაზრდები დაკავებული იქნებიან სპორტის სხვადასხვა სახეობით.იმედია, მერია სწორ არჩევანს გააკეთებს. სწორედ ამიტომაც გავაკარით დღეს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აქ ბანერი მოწოდებებით „მერია ეს შენობა შენია“ და „დაგვიბრუნე სპორტდარბაზი“. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქამდე, სანამ ეს სპორტდარბაზი არ დაუბრუნდება სოლოლაკელებს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.