საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს

823

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე, იმ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, სადაც 19 მაისს რიგგარეშე/ შუალედური არჩევნები იმართება ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს.

ცესკოს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელის მოწერით საარჩევნო კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები, იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

საერთო ჯამში 11 მაისს დოკუმენტს ხელი ცესკოს 12 საოლქო და 410 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალური ბრძანება გამოსცა.