პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება.
“თბილისის მუნიციპალიტეტს ვუზრდით დაფინანსებას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად გვქონდა პრეზენტაცია და როგორც შევპირდით საზოგადოებას, ჩავანაცვლებთ ძველ პარკს, ყვითელ ავტობუსებს ახალი ავტობუსებით. ამასთან, მომავალი წლიდან დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მე მსურს მადლობა ვუთხრა მათ“,- განაცხადა ბახტაძემ.
როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, 2019 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტს სპეციალური ტრანსფერის სახით მინიმუმ 75 მილიონი ლარი, ასევე, გარდამავალი ნაშთი დაემატება. მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება.