გორში თამარ მეფის მე – 5 კვარტლის 22 – ე და 23 -ე კორპუსთან მოსახლეობის ნაწილი გზაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის მოწყობას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად პრობლემის შესახებ გორის მერიას მიმართეს, თუმცა საკითხს ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.
“ისეთი სისწრაფით დადიან ამ მონაკვეთში მანქანები, ბავშვების გარეთ გაშვების გვეშინია. მოვიდნენ და ჰკითხონ მოსახლეობას, ან კამერები დაამონტაჟონ და თვითონაც ნახავენ. ამხანაგობის თავმჯდომარემ მერიას მიმართა და ე.წ მწოლიარე პოლიციელის დაყენება ითხოვა, მაგრამ შედეგი ამ დრომდე არ არის“, – ამბობს ერთ – ერთი ადგილობრივი.
გორის მერიაში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი განცხადება არ შესულა.
“რაც ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, მას მერე, ჩვენთან მსგავსი სახის განცხადება არ შემოსულა. მოქალაქემ ან მოსახლეობამ მოგვმართოს, ჩვენ შევისწავლით და თუ შესაბამისი სამსახური ჩათვლის საჭიროდ სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დაყენებას, მერია პრობლემას მოაგვარებს“, – აცხადებენ გორის მერიაში.