სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებს დაფინანსება გაუზარდეს

877

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს, – ნათქვამიას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

შედარებისათვის: 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა.

“ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა. ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

სენაკის მუნიციპალიტეტმა სენაკში, სოფელი ლეძაძამესა და ეკში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა სახელმწიფოს შემდგომში საპატრიარქოსთვის გადასაცემად – ამ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესია და მონასტერი. თუმცა ეს ქონებები სახელმწიფოს ეკლესიისათვის დღემდე არ გადაუცია.

სამეგრელ-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს: ყველაზე მეტი თანხა – 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მან ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა, ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის დღესასწაულის (ღვთისმშობლის კვართის დადების დღე) ფარგლებში „საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად”

მესტიის მუნიციპალიტეტმა თანხა (439 958 ლარი) გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის.

ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად
ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს.

აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები

მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა მის მიერ გამოყოფილი 77 500 ლარი”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” კვლევაში.