თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პარკში, რომლის ფართობის 71 313 კვადრატული მეტრია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი მოეწყობა.
ამასთან, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამწვანდება პარკის ტერიტორია და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე. ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება და განახლდება ცოცხალი ღობეები. პროექტის სრული ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.