განახლებულ “მზიურში” ხელოვნური ტბა, ველობილიკები და სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა (ფოტო)

2540

წინა სტატია

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ “მზიურში” ახორციელებს საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ამასთან, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნენ.

“მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, “მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. “მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა.

პროექტს მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.