ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკებში, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ რეფორმაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მერია იწყებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას მოიცავს.
“დღეს რაც ხდება ბიბლიოთეკებში ძალიან ცუდია და არ არის კარგი სიტუაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხდებოდა ადამიანების გაშვება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა მივმართო ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს – არავინ არსად არ გიშვებთ! თქვენ ხართ ჩვენი თანამშრომლები და გააგრძელებთ მუშაობას, ოღონდ უფრო კარგ და სუფთა გარემოში“, – განაცხადა კახა კალაძემ და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სოფიო ხუნწარიას სთხოვა.
როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, ამ კვირაში რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდება.
“ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების ადაპტირება, სადაც უკვე გაერთიანებულია სამი მედიათეკა, ანუ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს ერთ სტრუქტურად. თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ყველა ის ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელოს, ბუნებრივია, თავიანთ სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ მუშაობას. აქვე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ოპონენტებს, რადგან ხშირად ჩვენზე საუბრობენ ხოლმე, რომ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე და არასწორი ინფორმაციაა. მინდა გითხრათ, რომ ორი ახალი ბიბლიოთეკა შემოემატება თბილისს. ეს არის ვარკეთილში და დიდ დიღომში. ამ მიმართულებით პროექტირება დასრულებულია და მულტიფუნქციურ შენობებში ორი ახალი ტიპის, სრულიად ადაპტირებული ბიბლიოთეკები გაჩნდება. ვფიქრობ ჩვენი რეფორმა ძალიან წარმატებით დასრულდება. მთავარია ჩვენი ბიბლიოთეკარების თანადგომა და ჩვენ ერთად უნდა გავზარდოით მკითხველთა რაოდენობა“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.