ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის, მისი მიმდებარე ქუჩებისა და ბულვარზე გასასვლელების მოწყობისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 627 316 ლარია.
“პროექტი ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე.თაყაიშვილის ქუჩისა და ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩის სამშენებლო სამუშაოებს მოიცავს. ასევე, სამშენებლო პროექტის მიხედვით, ბორდიურები, გარეგანათება, ტროტუარი და ახალი სანათები მოეწყობა.
გაკეთდება ბულვარის ცენტრალური შესასვლელი (საჩრდილობლით), ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედანი (მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით), ბულვარზე ბოლო გასასვლელთან მცირე მოედანი და სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
ამასთან, ბულვარის მთელ სიგრძეზე მოეწყობა მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისთვისა და კომერციული ობიექტებისათვის. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს. ხოლო, სანაპირო ზოლის მთელ სიგრძეზე მცირე არქიტექტურული ფორმები, ბულვარის ინვენტარი, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი ზონები მოეწყობა.
ასევე, პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული გამწვანებისა და მოსასვენებელი ზონების, ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილის, პარკინგის და გაჩერებების მოწყობაც “- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საგარანტიო ვადად სამუშაოების დასრულებიდან 365 კალენდარული დღე განისაზღვრა. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა 10 კალენდარულ თვეს შეადგენს.