რიჟვაძე: 2019-2020 წლებში აჭარაში 6 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

963

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში დამატებით 6 000 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას აანონსებს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ “საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, 2019-2020 წლებში ის 2 მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს და ამ მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან მოლპარაკებები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ ის ყოველწლიური ზრდა, რომელიც გვაქვს ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით, ეს არის 16%-იანი მაჩვენებელი და გვსურს, 20%-ზე ავიყვანოთ. ასევე, გვინდა და ვაპირებთ, რომ სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით მეტი არჩევანი იყოს ჩვენი სტუმრებისთვის. მნიშვნელოვანია, მოხდეს ინფრასტრუქტურის მეტად განვითარება. ბულვარში და მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ეხება როგორც ხარისხს და სერვისებს, ასევე – უსაფრთხოებას.

ჩვენი საინვესტიციო ხედვა ემსახურება იმას, რომ შევქმნათ 6 000 სამუშაო ადგილი მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენი გეგმაა, რომ 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ. ამის ფარგლებში ერთ პროექტზე უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს არის ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, სადაც არანაკლებ 500 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, ევროპის რამდენიმე ძირითად ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკებები, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან და როცა მომწიფდება, მერე შეგვეძლება დეტალების გაჟღერება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.