თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

1092

დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა. ამასთან, მიკროავტობუსებში არსებულ დაზიანებული სავარძლებს შეაკეთებენ და ახლით ჩაანაცვლებენ.

როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის კი ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.

“მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა ამისა სამუშაო დღის დაწყებამდე ხდება ავტოფარეხში მიკროავტობუსის ზედაპირული დათვალიერება და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებას შეკეთებამდე ეკრძალება ხაზზე სამუშაოდ გასვლა,”- განმარტავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების მდგომარეობა არასახარბიელოა და კვლევის შედეგად გაირკვევა, სჭირდება თუ არა ის დედაქალაქს.

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა, შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებენ.