თბილისის მერი მზად არის იმ ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ

1034

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის იმ ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ. კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ მდგომარეობა უნდა მოგვარდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით,  ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა არ სურს, რადგან აქცია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

“რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, რომ თუ სურვილი აქვთ, მოსულიყვნენ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის მერიის მიერ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებას აპროტესტებს. მათ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს და მცირე ხნით რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსებისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.