ქალები, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით იყვნენ დაინტერესებულნი, უკვე გადაამზადეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპიანიას მათ დასასაქმებლად ვაკანსიები არ აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, გადამზადებულია 21 ქალი მძღოლი. მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო ეტაპს, დამატებით ორკვირიან სწავლებას გადიან.
“სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1 400-მდე მძღოლია დასაქმებული, საიდანაც 2 ქალია.