თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში დედაქალაქს 90 ახალი 10-მეტრიანი ავტობუსი შეემატება.
“ჩვენი გუნდის ერთი–ერთი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ვიცი თქვენი პრობლემა. სამწუხაროდ, დედაქალაქის ბევრ რაიონში არის კონკრეტული ქუჩები, უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდია მოცდის დრო. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩვენი ავტობუსების პარკის ძალიან დიდი ნაწილი უკვე მოძველებულია. ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული. შემთხვევით არ არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გვაქვს გაჟღერებული, რომ გვინდა მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსები, ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. შესყიდვები უკვე დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ასევე, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მერიას კიდევ 220 ერთეულ 8-მეტრიან ავტობუსზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გაირკვევა.