თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება და იქ დღეისათვის არსებული საცობების პრობლემაც მოწესრიგდება.
“თბილისის მერია ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს არის ვაშლიჯვრიდან გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ, გზის ეს მონაკვეთი საცობებისგან განიტვირთება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის იმ ახალ საგზაო პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ვაშლიჯვრის გზას “112-ის” ოფისიდან გელოვანის გამზირთან დააკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მერია უახლოეს დღეებში დაიწყებს.