თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების საცნობი ახალი ნიშნების გაცემა დაიწყო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შშმ პირები ახალ სტიკერებს უფრო მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ.
როგორც მერიაში განმარტავენ, ახალი ნიშნის მისაღებად სრულწლოვანმა შშმ პირმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით გაცემული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს, ხოლო არასრულწლოვანი შშმ პირის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებასა და დაბადების მოწმობას ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის N64/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფორმა NIV-50/4-ის შესაბამისად გაცემული ცნობა უნდა დაურთოს.
შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაციის ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შეიძლება წარადგინონ.
ტრანსპორტის სამსახური ახალ სტიკერს საბუთების იდენტიფიკაციისთანავე გასცემს. სრულწლოვანი შშმ პირები საცნობ ნიშნებს სამწლიანი ვადით მიიღებენ, ხოლო არასრულწლოვანი – 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
როგორც მერიაში აცხადებენ, ადრე პარკირების სტიკერი შშმ პირსა ან მათ მეურვეებზე რეგისტრირებულ ავტომობილზე გაიცემოდა და სხვა ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, ისინი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით ვერ სარგებლობდნენ. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ პარკირების ახალი წესი მიიღო, რომლითაც შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნების გაცემის პროცედურა დაიხვეწა.
”კითხვების არსებობის შემთხვევაში შშმ პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მისამართზე მიცკევიჩის ქუჩა 29 ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 2 378 563”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი