კალაძე: 2019 წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი

1058

მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა – 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.

“დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. აღნიშნული მიმართულების მოწესრიგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია და ხშირია შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული. აშენდება ათამდე საბავშვო ბაღი, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და თავიდან, სტანდარტების დაცვით აშენდება, ხოლო რვა ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნები. ბაღი, რომლის მშენებლობაც დღეს დავიწყეთ, 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქში ცხრა საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომისთვის კი, ოთხი საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ასევე, დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება.